
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი კომენტარი სადეზინფექციო საშუალებების COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ სარკაზმი იყო.
”მე შეკითხვას სარკაზმით ვუსვამდი ჟურნალისტებს, მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რა მოხდებოდა. მე სარკასტულ და ძალიან სარკასტულ კითხვას ვუსვამდი ოთახში რეპორტიორებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე გამოთქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სადეზინფექციო საშუალება ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს, ერთ წუთში. არის რამე გზა, რომ მაგალითად სადეზინფექციო ხსნარი შევიყვანოთ ორგანიზმში?...რატომ არ იქნებოდა ამის ცდა საინტერესო?“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ექიმებს მკურნალობის სხვა მეთოდიც შესთავაზა. მისი თქმით, სამკურნალოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასხივება.
„გთავაზობთ სხეული დავასხივოთ ულტრაიისფერი ან უბრალოდ რაიმე ძლიერი სინათლით“,-აღნიშნა პრეზიდენტმა და ექიმ დებორა ბრიქსს, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა მოუწოდა, აღნიშნული მეთოდი გამოსცადოს.
ტრამპის ეს განცხადებები მედიკოსების ნაწილმა გააკრიტიკა. სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელმა კომპანია ტრამპის ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა. Lysol and Dettol მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხსნარების გამოყენება მხოლოდ ზედაპირული დამუშავებისთვის არის შესაძლებელი და მათი დალევა ან ორგანიზმში სხვა გზით მოხვედრა მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.