
ღამურები და ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფები კორონავირუსების ბუნებრივიმატარებლები არიან.
ვირუსების ამ ძალიან მრავალფეროვანი ოჯახის უკეთ შესასწავლად, ოჯახის, რომელშიც ასევე შედის დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ სანაპიროდან აფრიკის მიმდებარე ტერიტორიებამდე მობინადრე ღამურების 36 სახეობაში არსებული სხვადასხვა სახის კორონავირუსები. აღმოჩნდა, რომ გვარის სხვადასხვა ჯგუფის ღამურებს და ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის დონეზეც კი, კორონავირუსების საკუთარი უნიკალური შტამები აქვთ; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღამურები და კორონავირუსები უკვე მილიონობით წელია, ერთად ვითარდებიან.
„აღმოვაჩინეთ, რომ ღამურებსა და კორონავირუსებს შორის ღრმა ევოლუციური ისტორია იმალება. კორონავირუსების ევოლუციის უკეთ შესწავლა დაგვეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ჩამოყალიბებაში“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, ჩიკაგოს მაკარტურ ფილდის მუზეუმის ბიოლოგი სტივ გუდმენი. კვლევას უძღვებოდნენ კუნძულ რეუნიონის უნივერსიტეტის მეცნიერები — ლეა ჟოფრინი და კამელი ლებარბენშონი, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული არიან ახალი ინფექციური დაავადებების შესწავლაზე კუნძულ რეუნიონსა და დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში.
მრავალი ადამიანი სიტყვა „კორონავირუსს“ „COVID-19“-ის სინონიმად იყენებს. სინამდვილეში, COVID-19 არის ერთ-ერთი კორონავირუსის (SARS-CoV-2) მიერ გამოწვეული დაავადება. თუმცა, არსებობს კორონავირუსების ძალიან ბევრი ტიპი, ალბათ იმდენივე, რამდენი ღამურის სახეობაც არის. უმეტესი მათგანი აღმოჩენილი არ არის, აღმოჩენილთა უმეტესობის შემთხვევაში კი უცნობია, გადადის თუ არა ისინი ადამიანებზე და ამ შემთხვევაში, წარმოადგენს თუ არა რაიმე საფრთხეს. ამ კვლევაში შესწავლილი ღამურების კორონავირუსები SARS-CoV-2-ისგან განსხვავდება, ზოგადად კორონავირუსების შესწავლის შედეგად, შევძლებთ უკეთესად გამოვიკვლიოთ ის ვირუსიც, რომელიც დღეს მსოფლიოს არის მოდებული.