-
2020-04-24 17:18
ჩვენ უკვე 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ და მათ შორის არის 70-მდე ონლაინ კომპანია, - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაიწყო თუ არა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება და რა კრიტერიუმებით მოწმდებიან ისინი.
როგორც თურნავამ აღნიშნა, შემოწმებული კომპანიების ნახევარზე მეტი არსებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
მისივე თქმით, 70-მდე ონლაინ კომპანიის შემოწმება გასულ ორ დღეში მოხდა.
„მინდა ვთქვა, რომ ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს, მაგრამ არიან კომპანიები, ვინც მიუხედავად აქტიური მოთხოვნისა, რომ იმუშაონ, ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის გაიდლაინებს. იქნება ეს პირბადე თუ სასაწყობო მეურნეობის უსაფრთხოდ მოწყობა. ამ ეტაპზე ჩვენ კომპანიებს მივეცით მითითება, რა უნდა გამოასწორონ იმისათვის, რომ მათი საქმიანობა არამარტო მომგებიანი იყოს, არამედ უსაფრთხო იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. როგორც კი ისინი მზად იქნებიან და ხელახლა მოგვმართავენ, შეავსებენ აპლიკაციას და დაეშვებიან საქმიანობაში“, - განაცხადა თურნავამ.