
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „გილეადის“ მიერ დამზადებულმა პრეპარატმა „რემდესივირმა“, რომელიც ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საუკეთესოდ მიიჩნევა, პირველი სრული კვლევა ვერ გაიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
პრეპარატი ამ ეტაპზე მსოფლიო დეფიციტშია. ის ერთ-ერთია იმ წამლებს შორის, რომელსაც დონალდ ტრამპმა „იმედისმომცემი“ უწოდა.
237 პაციენტის „ოქროს სტანდარტის“ კვლევაში, რომელთაგან ზოგი „რემდესივირს“ იღებდა, ხოლო ზოგი არა, პრეპარატმა არ იმუშავა.
წარუმატებლობის შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლინიკური გამოცდების ბაზაში აისახა, თუმცა მოგვიანებით წაიშალა.
ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვლევა შემთხვევით, ძალიან ადრე ატვირთეს.
პრეპარატი, რომელიც „გილეადმა“ დაამზადა არის ანტივირუსული და მას ებოლას წინააღმდეგ იყენებდნენ, თუმცა „რემდესივირმა“ აფრიკაშიც ვერ იმუშავა.
წამლების რბოლაში, რომელიც იმუშავებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, ბევრი ექიმი უპირატესობას „რემდესივირს“ ანიჭებდა, თუმცა კვლევები ჯერ დასრულებული არ იყო.
კვლევის დროს, 158 პაციენტს „რემდესივირი“ მისცეს, ხოლო 79-ს პლაცებოს ეფექტით მკურნალობდნენ. მათი გამოჯანმრთელების დროსთან მიმართებით, ჯგუფებს შორის განსხვავება არ იყო. გარდა ამისა, დაიღუპა პაციენტთა 14%, რომელიც პრეპარატს იღებდა, ხოლო 13% წამლის გარეშე.