
დღეს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ არ არსებობს მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, წამალი, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების და მობილობის შემცირებისა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა კორონავირუსთან ბრძოლის სამი თვე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გაკეთებულა, ეხებოდა მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდი ვირუსთან ბრძოლის პროცესში, პირველ რიგში, პროფესიონალების რჩევებს ეყრდნობა.
„იმ სამუშაოს შემდგომ, რომელიც უკვე გაწეული იყო, გარკვეული შედეგები გვაქვს, რომელიც შეგვიძლია შევაჯამოთ. თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ვისაუბრებთ ან აქამდე გვისაუბრია, ეხება მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. ეს არ არის პოსტკრიზისული მართვა, ეს გახლავთ მიმდინარე კრიზისში მართვა, ამიტომ არის გარკვეული ნიუანსები, თავისებურებები, რომლებიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, რომ უკვე მესამე თვეა ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიას უმკლავდება. ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, რომელმაც ასე მოულოდნელად, ერთ დღეში შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ეს არის გლობალური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც სახელისუფლებო გუნდი გამკლავების ნაწილში ვეყრდნობით, პირველ რიგში, პროფესიონალების რჩევებს და ასევე, მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის წარმატების ერთადერთი საფუძველი.
ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, მიუხედავად იმ დისკომფორტისა, რომელიც შეექმნა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას. შეუძლებელია იმიტომ, რომ დღეს არ არსებობს მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, წამალი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების მობილობის შემცირების და ა.შ. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ და ვიყავით იძულებულები, მიგვეღო ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დისკომფორტული ბევრი ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. მთავრობის მეთაური ასევე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში.