
რადიო „აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სამართალდამცველებმა ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი ლალი ანთია დააკავეს.
თვითმხილველის ინფორმაციით, რომელიც ლალი ანთიას დაკავებას თავად შეესწრო და „აფხაზეთის ხმას“ დაუკავშირდა, ის შვილების თვალწინ აიყვანეს. ლალი ანთიას შვილი – გიზო სართანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა.
საზოგადოება ლალი ანთიას „დაიცავი საქართველოს“ ლიდერთან კახა მიქაიასთან ერთად სამეგრელოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან იცნობს. ისინი აწყობდნენ პიკეტებს და სხვადასხვა იმპროვიზირებულ აქციებს, მათ შორისაა ცნობილი „დატირება“. ლალი ანთია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებებიტაცაა ცნობილი, რომლებშიც ის აცხადებდა, რომ ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილის დავალებით მოკლეს.
ლალი ანთიას ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში წყალსადენის მილების ძარცვაშიც ადანაშაულებდნენ – რამდენიმე დღის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უცნობმა პირებმა ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის გამოყენებით რუხთან რკინის მილები მიწიდან ამოთხარეს და, სავარაუდოდ, ჯართში ჩააბარეს, რის გამოც რამდენიმე სოფელი უწყლოდ დარჩა.
მაშინ სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ, თუმცა, „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, დაახლოებით 20 დღის წინ ამ საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მცხოვრები ეჭვმიტანილი აიყვანეს, რომელმაც, სავარაუდოდ, დამკვეთად და ორგანიზატორად სწორედ ლალი ანთია დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ლალი ანთია ნასამართლევია – მას ბრალად ყალბი პასპორტების დამზადება და ფულის გამოძალვა წაუყენეს, რისთვისაც სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიდა, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მას საჯელი გადაუვადდა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
შსს–ს პრესსამსახურში „აფხაზეთის ხმას“ განუცხადეს, რომ ლალი ანთიას დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შებრუნების მიზნით მოხდა.
როგორც პრესცენტრში განმარტეს, ლალი ანთიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავადებული ჰქონდა სასჯელი, რომელსაც იხდიდა და, შესაბამისად, ვალდებული იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოვეთვიურად წარედგინა შესაბამისი წერილობითი ცნობა, რაც მას არ გაუკეთებია, რის შემდეგაც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შებრუნება.