
ექვს თვეში იქნება თუ ათში, ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ, -
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს. მისივე
განმარტებით, ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში არ იმყოფება.
"უნგრეთის სახელმწიფომ უარყო, რომ ადეიშვილი მის ტერიტორიაზეა.
შსს-სა და პროკურატურასთან ერთად საერთაშორისო ძებნის
გამოცხადებაზე ვმუშაობთ. ", - აცხადებს წულუკიანი. იუსტიციის
მინისტრმა აგვისტოს ომის გამოიების შესახებაც ისაუბრა და აღნიშანა, რომ
წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომთან მიმართებაში "ყველაზე ნაკლებად
გამოიძია" მიმართულება, სადაც მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის
საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო. "იკვეთება, რომ გამოსაძიებელია
ხუთი-ექვსი მიმართულება. მათ აირჩიეს რამდენიმე და ამ მხრივ, საქმე
წინ არის. ", - აცხადებს წულუკიანი. ამასთან, იუსტიციის მინისტრი
არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში არ აღმოჩნდნენ საკმარისად
პროფესიონალები ან არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, ხელისუფლება
იძულებული გახდეს, აგვისტოს ომის საქმე საერთაშორისო დონეზე
განიხილონ.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას, წულუკიანის
თქმით, თუ საქმის გარემოებები ამას მოითხოვს "ისიც" დაიკითხება.