
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ, საგანგებო და კარანტინის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ხელისუფლებამ დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს.
ბაქრაძის შეფასებით, აღნიშნული გაუაზრებელი ცვლილებაა, რომელსაც პარტია მხარს ვერანაირად ვერ დაუჭერს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს.
„პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან დამატებითი განმარტებებია საჭირო, როგორ და რა ფორმით შეიძლება ქვეყანაში იმოქმედოს კარანტინმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე და რამდენად სრული იქნება ასეთი კარანტინის დროს შემოღებული სანქცირება და სასჯელი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამედიცინო ღონისძიებები, საგანგებო მდგომარეობისგან განსხვავებით შეიძლება, ქვეყანაში რამდენიმე თვე გაგრძელდეს და თუ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმოქმედებს ამ ტიპის სანქციები, ეს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს. მაგალითისთვის, თუ ეს ასეა, მაშინ, 70 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც ქუჩაში პურის საყიდლად გავა, პირველ ჯერზე დაჯარიმდება, ხოლო მეორე ჯერზე ციხეში წავა; მაშინ ოჯახი - მეუღლეები და შვილები, თუ ერთი მანქანით გადაადგილდება, პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან და მეორე ჯერზე ციხეში წავლენ. ეს მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ამიტომ, ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს ველოდებით, რა იგულისხმებოდა და რა კანონი მიიღეს დღეს, მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორედ ისეთი გაუაზრებელი ცვლილება, რომელსაც ჩვენ მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერთ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.