
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები აქციას მართავენ. ისინი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. მისივე თქმით, „ექიმებიც პოლიტიკური შოუსთვის არიან გამოყენებული“.
„ვაპროტესტებთ საგანგებო მდგომარეობას და კიდევ ერთი თვით მის გაგრძელებას. ამას არანაირი შინაარსი არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას. მისი მიზანია პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, თითქოს მაგრად ებრძვიან ვირუსს. სინამდვილეში, 22 მაისისთვის არც ვაქცინა იქნება გამოგონებული, არც ვირუსი გაქრება არსად და არც ჩვენ გვექნება პოპულაციური იმუნიტეტი იმის გამო, რომ ვართ სახლში. საუბარი იმაზე, რომ რაღაც პიკი გადაივლის, არის ზღაპარი. ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა წამოვა ქვემოთ, სიკვდილიანობა წამოვა ქვემოთ, თუ რა მოხდება არავინ არ იცის. ეს ექიმები გამოყენებულები არიან პოლიტიკური შოუსთვის და ამას ვაპროტესტებთ. დღეს ამ ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ და იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს მოუწოდებენ დარჩი სახლშიო, ფეხებზე კიდიათ ეს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ