-
2020-04-23 13:05
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი სარფის საბაჟოდან „ცხელების ცენტრში" იყო გადამისამართებული, მეორე კი ერთი კვირის შუალედში საკარანტინო ზონაში იყო, მას მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად კონტაქტები არა ჰყავს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, გუშინ სულ 102 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის სოფელ გვარაში მოსახლეობას თვითიზოლაციის დრო ამოეწურათ, თუმცა მოსახლეობა ჯანდაცვის რეკომენდაციებს იცავს.
მისივე თქმით, უცნობია როდის გაიხსნება ქობულეთის ოთხი სოფელი, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია დაწესებული.
ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში 530 პირია გამოკვეთილი.