
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიამ მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, რადგან მთავრობამ არ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს შექმნილი ვითარების გამო დაზარალებული ადამიანების დახმარებას.
კაპანაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ემსახურება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას.
„ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, რადგან მთავრობამ არ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ ამ ეკონომიკური კრიზისის შედეგად; მთავრობამ არ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს ეკონომიკის თავიდან ამოძრავებას; მან არ წარმოადგინა გეგმა, თუ რასთან მიმართებაში იქნება ეს შეზღუდვები; არ წარმოადგინა ინდიკატორები. რაც მთავარია, მთავრობის წარმომადგენელიც კი არ მოვიდა პარლამენტში, არც პრემიერ-მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი და არც ერთ კითვას არ გასცეს პასუხი, რომელიც საზოგდოებას გააჩნია. მათ უბრალოდ მოითოვეს ვადის გაგრძელება და ამასთანავე, ძალაში ტოვებენ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით არის უაზრო და არ ემსახურება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ასეთი შეზღუდვები ყველამ კარგად იცის რა არის, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. მათ ისიც კი არ უნდათ, რომ პასუხი გასცენ საზოგადოებას ამ თემებთან დაკავშირებით და ამიტომ, ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე“, - განაცხადა კაპანაძემ.