-
2020-04-22 16:31
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს.
ამით ბოკერია პარლამენტის საგანგებო სესიაზე მარნეულში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, ჩვენი პოლიტიკური ძალის „ევროპული საქართველოს“ მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, რომ ამ ურთულეს ვითარებაში როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეთ აღშფოთების და აქვთ ეს საფუძველი, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს. ეს არის მკაფიო პოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ დაამშვიდონ ეს ხალხი. გაითვალისწინეთ ერთი რამე, როცა ზღვარს სცდება ვითარება, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი და არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ოჯახი შეინახოს, შეუძლებელი შეიძლება გახდეს კონტროლი. ამას მოგიწოდებდით მშვიდად და კონსტრუქციულად, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ“, -განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიას გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე.
როგორც მან განაცხადა, ბოკერიამ ამ გამოსვლით აღიარა, რომ მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქცია „ ევროპული საქართველოს“ დაორგანიზებულია.
„ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იამამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ზოგადი მოწოდებების ნაცვლად, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, სჯობს აიღონ ტელეფონი, დარეკონ იამამკულიევთან და სულეიმანთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.
მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ.