
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
როგორც ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი ჰყავთ.
„გუშინ შემოვიდა სამი პაციენტი, ერთი ოჯახის წევრები არიან, ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 11 წლის მოზარდია ერთი, რომელიც აბსოლუტურად კარგად გრძნობს თავს, დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა და ერთის მდგომარეობა მსუბუქია. მათ კლასტერის ისტორიას ვერ მოგახსენებთ, სად დაავადნენ, ვერ გეტყვით, ამას იძიებს ჩვენი NCDC. ამ წუთში 113 პაციენტი გვყავს, მათ შორის 94 ინფიცირებულია, ამ 94-დან 8 დარჩა რეანიმაციულ განყოფილებაში, 7 აპარატზე გვყავს. ერთი პაციენტი ძალიან მძიმედაა და ვცდილობთ, რომ აპარატზე არ გადავიყვანოთ. ამ 94-დან 47-ს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, პაციენტებს, რომლებიც ინტენციური თერაპიიის განყოფილებაში მკურნალობენ, ბლოკებში და 12-ის მდგომარეობა შედარებით საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები მსუბუქია”, - განაცხადა ტურძელაძემ.