
აჭარაში ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა 100 პირს ჩაუტარდა და ყველას უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში 530 პირი გამოიკვეთა, მათ შორის 300-ზე მეტს სწრაფი ტესტით კვლევა ჩაუტარდა.
"დილის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევა არა გვაქვს, 100 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგი მოვიდა და ყველა უარყოფითია. სტაციონარში ლაბორატორიულად დადასტურებული 35 პაციენტი იმყოფება. ქობულეთის კლასტერიდან 34 ინფიცირებული შემთხვევაა, მათთან კონტაქტში 530 პირი გამოიკვეთა, 300-ზე მეტი კი სწრაფი ტესტორებით არის გამოკვლეული. ზოგადად აჭარაში 24 საათის განმავლობაში 175 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, მათ შორის საკარანტინე სივრციდან, "ცხელების ცენტრიდან" და ქობულეთის კლასტერთან კავშირში მყოფები იყვნენ. ამ ეტაპისთვის ბათუმის „ცხელების ცენტრში“ 38 პირი ელოდება ლაბორატორიულ კვლევის შედეგებს. აჭარაში საკარანე სივრცე 3300-ზე მეტმა პირმა დატოვა, 1500 კი ისევ საკარანტინე სივრცეში რჩება, ისინი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არიან", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.