-
2020-04-21 15:06
რუსეთი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება, -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, სავაჭრო მისიებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“,-განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლაც მალე განახლდება.
„ჯერჯერობით, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი. მათ გვაიძულეს, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია“,- განაცხადა ლავროვმა ვიდეო კონფერენციის დროს.