
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თავი შეიკავონ ბულვარში სეირნობისაგან.
„ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, კვლავ მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას. შემნილ ვითარებაში თითოეული თქვენგანის მზაობა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და თანადგომით მალე დავამარცხებთ ვირუსს!
კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს: თავი შეიკავეთ შეკრებისაგან და მაქსიმალურად შეზღუდეთ გადაადგილება. დაიცავით სოციალური დისტანცია. აკრძალულია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა. გაითვალისწინეთ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები. #გავუფრთხილდეთერთმანეთს #დარჩისახლში“,-აღნიშნულია განცხადებაში.