
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში დღეს კორონავირუსით დაინფიციების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის სულ 35 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება დაინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნიჟარაძის განცხადებით, ერთი პაციენტი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
„დღეს დილის 90 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში დაიდო და ყველასთან მიმართებაში იარყოფითი პასუხი გვაქვს, შესაბამისად ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. „მედალფაში“ მკურნალობს ისევ 35 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 34 პაციენტი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზრდა 520-მდე, ინტენსიურად ხდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. გუშინ 50 ნიმუში იქნა აღებული ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან და მათი პასუხები დღეს გვეცოდინება. ასევე, ქობულეთის კლასტერის პირველ პაციენტთან კონტაქტირებული პირებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი უკვე სრულდება, ამიტომ ამ პირებს განმეორებით ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და თუ პასუხები ისევ ნეგატიური იქნება, მათი თვითიზოლაციის პერიოდი იქნება დასრულებული.
რაც შეეხება ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ერთი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში ანუ რეანიმაციული პაციენტია, დანარჩენების კლინიკური მდგომარეობა ისევ უცვლელია, დამაკმაყოფილებელია, არის მსუბუქი შემთხვევები, მათი მკურნალობა ტარდება ცენტრალური დონის ინფექციონისტების რეკომენდაციების შესაბამისად და ყველა ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რეგიონში ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა.
„უკონტროლო შემთხვევა ამ ეტაპისთვის არ გვქონია და ჯერჯერობით სიმშვიდის ფაზაში ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიტუაცია შეიძლება შენარჩუნდეს. მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური იქიდან გამომდინარე, რომ მასიური თავშეყრის ადგილებს ჰქონდა ადგილი სხვადასხვა რეგიონში. ამ პერიოდში განსაკუთრებით მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცირება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქონიონ კომუნიკაცია და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები. ამ ორ კვირაში ამ წესების გააზრება და ვალდებულებად ქცევა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.