-
2020-04-19 10:21
2020 წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.
"საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა თელ-ავივი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 151 მოქალაქე. ამავე რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება იერუსალიმიდან საქართველოში. საერთო ჯამში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, 19 აპრილისთვის საქართველოში 6747 ადამიანი დაბრუნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.
აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება",-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.