-
2020-04-17 14:54
აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძე ამბობს, გუშინ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა იყო, რასაც დღეს კიდევ ერთი დაემატა და ისიც ე. წ. ქობულეთის კლასტერიდანაა.
„დღეს დაგვემატა კიდევ ერთი შემთხვევა „ქობულეთის კლასტერიდან“ და ჯამში ამ კლასტერთან დაკავშირებული 32 მოქალაქე გვყავს. ყველა კონტაქტი და კონტაქტის კონტაქტი იქნა შესწავლილი. ასეთი ჯამში იყო 465 მოქალაქე და ყველა მათგანზე დამყარდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, რაც ნიშნავს მათ განთავსებას ან საკარანტინე სივრცეში, ან თვითიზოლაციაში. ამან საშუალება მოგვცა, ეს წრე ჩაგვეკეტა“, - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, დამატებით მიმდინარეობს იმ მედპერსონალის კვლევა, რომლებიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან.
„ჯერ მათ საკარანტინე პერიოდი არ დასრულებიათ. უკვე ორჯერადად მოხერხდა ტესტირება. ქობულეთის კლინიკასთან დაკავშირებით ეს შედეგები არის უარყოფითი. სულ დაინფიცირებულია ორი მედპერსონალი, რომლებიც მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. მათი მდგომარეობა არის საშუალო, ან საშუალოზე ნაკლები სიმძიმის, თუმცა, ეს არ გვაძლევს ჩვენ სიმშვიდის საშუალებას“, - განაცხადა მიქელაძემ.
რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის რესურსს, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, აჭარაში 60-მდე რეანიმატოლოგი და 12-მდე ინფექციონისტია, რაც მისივე შეფასებით, დიდი რესურსი არ არის.
„თუ სიტუაცია გასცდა გარკვეული მართვის ჩარჩოებს, ასეთ შემთხვევაში ყველა სხვა მიმართულების სპეციალისტი მზად არის, რომლებსაც საგანგებო სიტუაციაში აქვთ მართვის უფლება. ესენი იქნებიან სხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც სერთიფიცირებული ექიმები არიან და მათი რესურსი გვაქვს. თუმცა ვთხოვ მოსახლეობას, ნუ გამოსცდიან ამ რესურსებს!“, - განაცხადა მიქელაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.