
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, დღეს კიდევ 20-მდე პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში სულ 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება. მისივე ინფორმაციით 9 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
დღეს კლინიკაში იგეგმება 2 ათეული ტესტის ჩატარება. იმედია ყველა პასუხი უარყოფითი ამოვა და განმეორებითი ტესტის ჩატარებისას, ხვალ დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, კლინიკას დღეს კოვიდინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„მხოლოდ ერთთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია. დაწყებულია სიმპტომური მკურნალობა“,- აღნიშნა რატიანმა.