-
2020-04-17 11:11
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა პარიზი - ბათუმის რეისი, რომლითაც სამშობლოში 182 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.
საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.