
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 525 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, მთლიანად ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 22 170-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში 3 786 ადამიანი დაავადდა.
ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა იტალიაში 168 941 შეადგინა, ხოლო 40 164 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა. 2 936 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
ხელისუფლების ინფორმაციით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი 21 მარტის შემდეგ ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
იტალია ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იტალიაში ხელისუფლება 3 მაისის შემდგომ კარანტინის „მეორე ფაზის“ ამოქმედების გეგმას განიხილავს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ეკონომიკურ უკუსვლაზე გამოთქვამენ წუხილს და რომს მოუწოდებენ, რომ კარანტინი აღარ გაახანგრძლივოს.