
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ 3 კვირით გაახანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა დომინიკ რააბმა დაადასტურა.
მისივე თქმით, სოციალური დისტანციის ზომაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა ეპიდემიის მეორე პიკის საფრთხეს ქმნის.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამჟამინდელი ზომები სულ ცოტა სამი კვირით უნდა დავტოვოთ ძალაში. მრჩევლების რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერი ამჟამინდელი შეზღუდვის მოხსნა მიღწეულ პროგრესს გააუქმებს და შეიძლება დააზარალოს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ისე ეკონომიკა“, - განაცხადა რააბმა.
შეგახსენებთ, სულ დიდ ბრიტანეთში ვირუსი 103 093 ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ მთლიანობაში 13 729 შეადგინა.