
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომოდ სასაფლაოები 3 დღის ნაცვლად, 10 დღით დაიკეტება. როგორც ზვიად შალამბერიძემ განმარტა, შესაძლოა, ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოებისკენ მიმავალი გზები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაიკეტოს.
„ჩვენ 3 დღე გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, გუშინ, როგორც ხელისუფლებამ გააჟღერა, ეს შეზღუდვები 10 დღე იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიან პოლიტიკას გავატარებთ და იმერეთშიც ეს შეზღუდვა 10 დღე დაწესდება. ხელისუფლება დეტალებს სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს და გვეცოდინება ზუსტად, თუ რა ტიპის ღონისძებებს მივამართავთ და სხვადასხვა ქალაქებში რას მოვიმოქმედებთ. გამოცხადებული მქონდა, რომ ქუთაისში და ზესტაფონში დავკეტავდით სასაფლაოებს. სავარაუდოდ, ეს ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. დაემატებიან თუ არა, სხვა მუნიციპალიტეტები, ან როგორი ტიპის შეზღუდვები იქნება მუნიციპალიტეტებში, ეს მოგვიანებით იქნება ცნობილი“, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.