
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი წუხილს გამოთქვამს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყდა.
„აშშ დიდი ხნის განმავლობაში იყო WHO-ს გულუხვი მეგობარი და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა“, - განაცხადა გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ აფასებს შედეგებს და ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორებას პარტნიორებთან ერთად შეეცდება.
„მაგრამ ახლა დროა, რომ მსოფლიო ერთიანი იყოს საერთო ბრძოლაში სახიფათო მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა. მისი თქმით, ორგანიზაციამ „პასუხი უნდა აგოს“ შეცდომების გამო. აშშ ჯანმო-ს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყანაა და წელიწადში 400 მილიონი დოლარით აფინანსებს.