
ინფორმაცია, რომ თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ახალი კოდექსი ყველას ავალდებულებს, დააკმაყოფილოს ობიექტური კრიტერიუმები.
„საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყონებლივ მიღება. შესაბამისად, კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კოდექსს. კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მის შემუშავებაში მონაწილეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები. ასევე ამ კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული ტყის რეფორმის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული 30-მდე მილიონი ევრო.
რაც შეეხება მორიგ არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას - მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე - არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.
პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.