
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს. აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს მიუსაფარ ძაღლებსაც მიექცეს ყურადღება. ვითანამშრომლეთ „ზოომარტთან“, რომლის დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის დახმარებით, გვაქვს ძაღლის 5 ტონა საკვები, რომელიც მიმკედლებლებს გადაეცემა. ვფიქრობთ, მათი რიცხვი დაახლოებით, 400-მდე იქნება და ამ პერიოდში, როდესაც ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია, თითოეული მიუსაფარი ძაღლის კვების პრობლემა გადაწყვეტილი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.