
ნუ ეფარებით ექიმებს ზურგს უკან. თქვენ არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ორმაგი სტანდარტით მოქმედება ქვეყანას ძვირად დაუჯდება,- ამ სიტყვებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე მიმართა. მან მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დაადანაშაულა.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ჩვენ არ მოგვწონს ის შედეგები, რაც არის ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით, არასდროს ეს არ გვითქვამს და ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ. ექიმებს და რისკის ზონაში მყოფ ადამიანებს განსაკუთრებული პრემიები ეკუთვნით, როცა ვირუსზე გავიმარჯვებთ, მაგრამ ბატონო არჩილ, ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იყო სომხეთი და ერთმა ქორწილმა, ჯვრისწერამ, რომელსაც 300 კაცი ესწრებოდა, ააფეთქა ქვეყანა. თქვენ, მთავრობა თვალს ხუჭავთ, ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ და მაშინ თქვენ პასუხი უნდა აგოთ ხალხის წინაშე, ნუ ეფარებით ექიმებს ზურგს უკან. თქვენ პოლიტიკური მოსაზრებებით არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ორმაგი სტანდარტით მოქმედება ქვეყანას ძვირად დაუჯდება, ნუ ეთამაშებით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, საგანგებო ბიუჯეტი დროულად დაამტკიცოს.
„21 აპრილს საგანგებო მდგომარეობას და "კომენდანტის საათს" როცა გააგრძელებთ, ეს თქვენი პასუხისმგებლობით უნდა გააკეთოთ და იმ ადამიანებს უნდა გასცეთ პასუხი, რომლებიც დღეს ტელევიზიით გვიყურებენ, იმ ხალხს, რომელიც სულ რაღაც 20 დღეში სურსათისთვის ბოლო თეთრს დახარჯავს. რატომ არ აკეთებთ საგანგებო ბიუჯეტს დღესვე, რას ელოდებით, რას ეუბნებით ხალხს, რომელიც კარანტინში დარჩენილი ელოდება შველას?“- მიმართა გოცირიძემ უმრავლესობის წევრებს.