
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის იმ პრინციპულ განსხვავებებზე ისაუბრა, რის გამოც საბოლოოდ ვერ მოხდა შეთანხმება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ერთიან ტექსტზე.
„ტექსტში, რომელსაც ჩვენ გვთავაზობდა უმრავლესობა, არ არის საუბარი უკრაინის ოკუპაციის მცდელობაზე, უფრო მეტიც, უკრაინის ოკუპაცია საერთოდ ნახსენები არ არის, არ არის საუბარი რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და იზოლაციის გზით რუსეთის იძულებაზე, რომ დატოვოს ერთის მხრივ უკრაინის ტერიტორია, ხოლო მეორეს მხრივ დატოვოს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არ არის საუბარი სანქციების მოთხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს სიტყვა „სანქციები“ აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც უმრავლესობამ ვერ შეძლო, ასევე არ არის საუბარი რუსეთის გავლენის პოლიტიკის დაგმობაზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.