-
2014-03-05 22:59
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სერის სიმფეროპოლში უცნობმა პირებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და მაღაზიაში ჰყავდათ ბლოკირებული.
ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. პირველადი ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი პერებიინისმა გაავრცელა.
მისი განცხადებით, რობერტ სერიმ მას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცნობმა პირებმა სიმფეროპოლში მისი ავტომობილის ბლოკირება მოახდინეს. როგორც ცნობილია, უცნობ პირებს სამხედრო ფორმა ეცვათ და განუცხადეს, რომ მათ განკარგულება აქვთ მიღებული, სერის აეროპორტში წაყვანასთან დაკავშირებით.
ამ მოთხოვნაზე ოფიციალურმა პირმა უარი განაცხადა, ავტომანქანიდან გადმოვიდა და თანაშემწესთან ერთად გზას ფეხით გაუყვა, თუმცა, მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ პრორუსული პლაკატების მქონე, კომუფლიაჯში ჩაცმული პირები და ის კარლ მარქსის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში ჰყავდათ ბლოკირებული.
მოგვიანებით, ჟურნალისტებმა და ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილმა დერეფანი შექმნეს, სადაც დიპლომატმა გაიარა, მანქანაში ჩაჯდა და ინციდანტის ადგილი დატოვა. შემთხვევის ადგილზე მილიციაც გამოცხადდა, თუმცა, არავინ დაუკავებია.
გაეროს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი სიმფეროპოლში პრესკონფერენციის ჩატარებას აპირებდა, პრორუსი აქტივისტები კი მისგან მოითხოვდნენ, დაუყოვნებლივ წასულიყო აეროპორტში და დაეტოვებინა ქალაქი.
ბოლო ინფორმაციით, სერიმ ყირიმი უკვე დატოვა.