
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მეოთხეული გადაცემის "მკაფიო ზღვარი გადალახული არ არის", მაგრამ უკვე გაზრდილია ინფიცირებულთა კონტაქტების რიცხვი. მაგალითად მან მოიყვანა მარნეულში მყოფი ინფიცირებული პირი და განაცხადა, რომ მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი,. რაც ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ზრდის.
"ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ავადმყოფთან მივიდნენ ეპიდემიოლოგები და მას ეთქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან გადაედო... მაგრამ ჩვენ მივუახლოვდით ძალიან ამ ზღვარს და უკვე გადავლახეთ ერთი მნიშვნელოვანი ზღვარი: მართალია, კონტაქტები თითქმის ყველგან ცნობილია, მაგრამ თუ ადრე ეს იყო ერთეული, ან შეიძლება ათეული და დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისი სამსახურები ახერხებდნენ კონტქტების მთლიანად დაფარვას და გამოკვლევას; ახლა დაფიქსირდა არა მეოთხეული გადაცემა, არამედ ის, რომ ეს კონტაქტები ძალიან გაფართოვდა", — განმარტა მან ვახო სანაიას დღის ამბებში.