-
2014-03-04 14:32
მას შემდეგ, რაც ბერი გაბრიელის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, მამა გაბრიელთან დაკავშირებული ახალი, ზოგჯერ სენსაციური ვერსიების გავრცელება არ წყდება.
4 მარტს „ფეისბუქში“ პოპულარული გახდა ფოტო, რომელიც, აღწერის მიხედვით, სამების ტაძარშია გადაღებული. ფოტო ზედხედიდან გადაიღეს და, როგორც მომხმარებლები წერენ, ბერი გაბრიელის ცხედრის სიახლოვეს, იატაკზე, გარდაცვლილი სალოსი ღვთისმშობელთან და მაცხოვართან ერთად გამოისახა.
იმის მიუხედავად, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი მოვლენას შუქჩრდილებით ხსნის და ყოველგვარ გამოცხადებას ან წმინდანთა და მაცხოვრის გამოსახვას ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს, ფოტოს გამზიარებელთა, მომწონებელთა და კომენტარის (ძირითადად: „უფალო შეგვიწყალენ!“; „ეს სასწაულია!“: „ფარავდეს საქართველოს ბერი გაბრიელის მადლი!“) დამტოვებელთა რიცხვი დიდია.
შეგახსენებთ, რომ ბერ გაბრიელის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში 21 თებერვალს დაასვენეს, რათა მასთან მიახლების საშუალება მორწმუნეებს მისცემოდათ. ამ დრომდე სამების ტაძარში მრევლის ნაკადი არ წყდება.
