-
2020-03-10 21:32
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ელექტრონულ სწავლებაზე გადადის
"ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე.
ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია.
აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით დახურული იქნება უნივერსიტეტის კანცელარიის რეგისტრატურა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი უსაფრთხოებისათვის მივიღეთ გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი დავიწყოთ დისტანციურ რეჟიმში, კერძოდ:
არგუსის მეშვეობით მოგეწოდებათ სასწავლო მასალები ელექტრონულად, გაციფრებული სახით;
ასევე, არგუსის სისტემას დაემატება ვიდეოლექციების სექცია, რომელსაც ლექტორები კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე (ზოგი კურსის წარმართვა ვიდეოლექციების გარეშეც შესაძლებელია), საჭიროების შემთხვევაში, არგუსის სისტემის გამოყენებით ჩაწერენ და ატვირთავენ სასწავლო მასალების სექციაში.
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების კუთხით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს (მუდლი, ონლაინილიაუნი და სხვ.), პროექტის მასშტაბიდან (16000< სტუდენტი; 800< კურსი) და შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე ველოდებით, რომ საწყის ეტაპზე სწავლების ახალ მოდელს ექნება მცირე ხარვეზები, თუმცა, ვთვლით, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება და ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით.
დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწვდით.
ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დახურული იქნება უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ხოლო თქვენთვის საჭირო მომსახურებას მიიღებთ დისტანციურად. ამ პერიოდში ვერ შეძლებთ უნივერსიტეტის შენობაში შემოსვლას. "-წერია იმ განცხადებაში, რომელიც უნივესრიტეტის სტუდენტებს დაეგზავნა.