
,,იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ,“- ნათქვამია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
მინისტრის აპარატი საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ნატოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს მოუწოდებს, მკაცრ განცხადებებთან ერთად მიიღონ ქმედითი ზომები ვითარების განმუხტვისთვისა და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
"უკრაინაში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ექვსი წლის წინ ხდებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ავრცელებს.
"უმოქმედობის შემთხვევაში მივიღებთ კონფლიქტის ახალ კერას, ახალ ოკუპაციას და წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლს. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ უკრაინას, არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სტაბილურობასა და წესრიგს. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სივრცეში მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უსწრაფესი და ეფექტური საშუალება საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებაა; მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო დააჩქაროს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება და საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დროულად დასრულება", -აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, მინისტრის აპარატის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს 2014 წლის სამიტზე მოკავშირეებმა დადებითად გადაწყვიტონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი.
"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარის თქმამ რუსეთს ერთგვარად ხელფეხი გაუხსნა აგრესიული მოქმედებებისთვის. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ. ჩვენ სრულ თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებას, რომელსაც სურს იხილოს საკუთარი ქვეყანა გაერთიანებული ევროპული დემოკრატიების ოჯახში და ამ მიზნისთვის თავისუფლად მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები", - აღნიშნულია განცხადებაში.