
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული კადრები განიხილეს.
ბოკერიას თქმით, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მან აღნიშნა რომ სამწუხაროდ პრემიერმინისტრმა გუშინდელი მოწოდებების ფონზე სხდომაზე მოსვლა ვერ მოახერხა.
„პრემიერი პარტიის ყრილობის გახსნაზე იმყოფებოდა, მან თქვა რომ გრაფიკს ვერ შეიცვლიდა და აქ განხილული საკითხები საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყო. პრემიერს არ ვეთანხმები. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს, მითუმეტეს უშიშროების საბჭომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომელიც სუვერენიტეტს, მოქალაქეების ცხოვრებასა და არაღიარების პოლიტიკას ეხება,“-აღნიშნა ბოკერიამ.
როგორც ბოკერია დასძენს, შეხვედრაზე მრავალი ერთობლივი ღონისძიების შესახებ იყო საუბარი. თუმცა, უშიშროების საბჭოს მდივანი დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.