
მამა დავით ისაკაძე ბიძინა ივანიშვილის ცნობილ განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ შეცდომები ეკლესიაშიცაა და შესაძლებელია, პატრიარქსაც შეეშალოს.
დავით ისაკაძემ ბიძინა ივანიშვილს ქადაგების დროს უპასუხა. მასალას თან ერთვის ფაილი, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ მამა დავით ისაკაძის ქადაგების აუდიოვერსია. თავდაპირველად მამა დავითმა სახარება მოიხმო, შემდეგ კი პირველ პირში უპასუხა ბიძინა ივანიშვილოს, რომლის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას „მოქალაქეთა კავშირის“ დაფუძნება უწოდა და დაამატა:
„დიახ, არ შემშლია: „მოქალაქეთა კავშირის“ დაფუძნებაზე...“
მამა დავით ისაკაძე აცხადებს:
„განკითხვა არის მძიმე ცოდვა და მით უფრო, როცა განიკითხავ არამარტო პიროვნებას, არამედ განიკითხავ ეკლესიას. ვინ მოგცა ამის უფლება? თუ შენ ეკლესიის წევრი ხარ, მოდი ეკლესიაში და თქვი, რა შეცდომებია იქ.
თუ შენ ეკლესიის გარეთ ხარ, მაშინ გასაგები ხდება ყველაფერი. მაშინ შენ ემსგავსები თუთბერიძეებსა და ბოკერიებს, რომლებიც ჟურნალისტებს უსევდნენ ეკლესიას. რით განსხვავდები შენ მათგან?
თუ ასე იქცევი, მაშინ ნუღარ დაიკავებ დიდ სანთელს ხელში, მაშინ ნუღარ იტყვი აღსარებას და ნუღარ ეზიარები.
გამოდის, შენ ეკლესიის შვილი არ ყოფილხარ. მერე რა, რომ ტაძარი ააშენე? ტაძარს იულიანე განდგომილიც აშენებდა და როგორც არის წინასწარმეტყველება, ანტიქრისტე თავის მოღვაწეობას სწორედ მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობით დაიწყებს.
მით უფრო, რომ ახლა ამ ტაძრების მშენებლობაც შეწყვიტე და ახლა მეჩეთებს აშენებ...
მინდა, როგორც სულიერ ძმას, ისე შეგაგონო - ხალხი აღშფოთებულია, ჩვენ კი ხალხის მაჯისცემას ვისმენთ.
ნუ გგონია, რომ ამ მაჯისცემას კაბინეტში გაიგებ - ხალხში უნდა გახვიდე. ეკლესიის შეურაცხყოფას არავინ გაპატიებს და ეკლესიის საქმეებში ჩარევას“.
ქადაგების აუდიოვერსიის მოსასმენად დააკლიკეთ ფანჯარას "ვიდეო"