
ქერჩში პრორუსი, ნიღბიანი აქტივისტები ცდილობდნენ, იქ მცხოვრები ქართველების სახლიდან რაიმე მოეპარათ და ამ მიზნით სახლის ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს.
ამის შესახებ ფაქტის თვითმხილველები იტყობინებიან. ამასთან, ისინი წერენ, რომ სახლში ქართველები ცხოვრობენ, რომლებიც იმ მომენტში შინ არ იმყოფებოდნენ, ხოლო ნიღბიანი აქტივისტები სახლში შეღწევას ცდილობდნენ და როცა ეს ფანჯრის მინების ჩამსხვრევის შემდეგ ვერ შეძლეს, სახლის პატრონის გინება დაიწყეს, „ზედმეტად ვიწრო რკინის გისოსების“ ჩასმის გამო.
მოგვიანებით მათ ეზოში მდგარი ავტომანქანის საქარე მინაც ჩაამსხვრიეს და მანქანა გაძარცვეს. ამის შესახებ თვითმხილველი, სახელად ნოდარი ერთერთ უკრაინულ ფორუმზე წერს.
ნოდარის მეგობარი იგორ კობრავა კი წერს, რომ მთვრალი აქტივისტები ქუჩებში დადიან, ნაციონალისტურ ლოზუნგებს ისვრიან და ამტვრევენ მანქანებს, რომლებსაც ყირიმის სახელმწიფო ნომრები არა აქვთ. ქერჩში მომხდარი შემთხვევის შესახებ expres.ua იტყობინება.