-
2014-03-02 15:14
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინაში, ყირიმში მიმდინარე მოვლენები რეგიონში რთულ ვითარებას ქმნის.
"რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც შეიძლება უმძიმესი შედეგები გამოიღოს.
საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი გადაწყვეტილების მიმართ, ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.