-
2014-02-28 19:08
საქართველოს შინაგანი ჯარის ყოფილი მეთაური, ამჟამად ევროკავშირის დაზღვევით მოსარგებლე გენერალი გოგი თათუხაშვილი, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა, ხელისუფლებას მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს და პასუხს ითხოვს.
თათუხაშვილი ,,ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ღია წერილით მიმართავს საქართველოს მთავრობას და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი ვაჟის შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ დაგეგემილი საქმე ვერ განახორციელა , ამჟამად პროკურატურის ახალი სამიზნე მისი მეორე ვაჟი მიხეილ თათუხაშვილია.
,,საქართველოს ვაი-მთავრობასა და პროკურატურას, მოგმართავთ მესამედ! მეოთხე დღეა თქვენგან ველოდები პასუხს, ამაოდ! თქვენ ბევრჯერ გყავდათ სხვადასხვა შეთითხნილ საქმეებზე დაბარებული ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ საჯარო განცხადებები არ გამიკეთებია.
შეგახსენებთ ბოლოსწინა გამოძახებას: თქვენი დავალებით, ვიღაც აცხადებდა ტელევიზიითა და პრესით , რომ მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილმა, შალვა თათუხაშვილმა. მცხეთის პოლიციამ გამოიძახა შალვა. ,,დაზარალებულმა” ამოცნობაზე შესვლამდე შალვას სიტყვიერი აღწერილობა გააკეთა. ეს იყო სრული კონტრასტი შალვას გარეგნობისა. (ორმეტრიანი, მოკრივის გატეხილი ცხვირით, შავგვრემანი და ა.შ.) პირდაპირ ამოცნობაზე კი, ხუთი კაციდან ვერავის დაადო ხელი და განაცხადა, რომ აქ გოგი თათუხაშვილის შვილი არ იმყოფება.
ამით დასრულდა თქვენი ბოლოსწინა ,,დაგეგმილი საქმე,, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. თქვენი ბოლო ქმედება მეტისმეტად აჭარბებს კაცობის, კანონის, ადამიანურობის ყველა ნორმებს, რამაც მაიძულა საჯარო განცხადებები გამეკეთებინა.
მიუხედავად იმისა, რომ გთხოვეთ, ნუ ემუქრებით ჩემი ოჯახის წევრებს-მეთქი, პროკურატურის თანამშრომლები მაინც აგრძელებთ მსგავს ქმედებებს. ამჯერად თქვენი სამიზნე ჩემი მეორე ვაჟი მიხეილ თათუხაშვილია. ემუქრებით მას და მის ოჯახს გატაცებით და სიკვდილით. უკანონოდ რამდენჯერმე დაიკითხა. ბოლო დაკითხვა, პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეთ სამინისტროში, ჩიტაძეზე, გუშინწინ ღამე, შალვას გატაცების შემდეგ.
დაკითხვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზეწოლითა და მუქარებით. მიშას მოთხოვეთ პატაკის დაწერა და სამსახურიდან წასვლა ოჯახსა და შვილებზე მუქარით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კაპიტანი მიხეილ თათუხაშვილი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კრივში. დამთავრებული აქვს სნაიპერთა, სამთო, ჟანდარმერიისა და საინჟინრო-მესანგრეთა კურსები. არის ომის ვეტერანი და ორი შვილის მამა, ისევე როგორც შალვა თათუხაშვილი.
რადგანაც ის იყო ჩემი შვილი, წლების მანძილზე მსახურობდა ოფიცრისათვის ყველაზე პატარა თანამდებობაზე-ცვლის უფროსად, მოთმინებით და უსაყვედუროდ. დაწინაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
არც მე მქონდა პროტესტის გრძნობა, რადგანაც შინაგანი ჯარების დაშლის შემდეგ, ზუსტად იგივე თანამდებობაზე მსახურობდა ჩემი თანამებრძოლი და ბრიგადის მეთაური, სადაზვერვო ასეულის მეთაურის თანამდებობაზე ნამსახური ავღანეთში, ,,წითელი ვარსკვლავის,, მფლობელი, პოლკოვნიკი მამუკა ბერელიძე. ის იყო პერიფერიის მუზეუმში ცვლის უფროსი!. . .
მოვითხოვ, დამიკავშირდით საჯაროდ, ტელეფონით მაინც მითხარით რას მოითხოვთ ჩემგან. მე მზად ვარ გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი საჯაროდ. თქვენგან განსხვავებით, ასევე ჩემი ,,ფეისბუკის“ კედელი ღიაა.
მე ვამაყობ ჩემი გავლილი ცხოვრებით, ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით, ვამაყობ ჩემი შვილებით! არ ვნანობ, რომ შვილები აღვზარდე საქართველოს პატრიოტებად და მებრძოლებად.
ჩემი შვილები 2003 წელს, რევოლუციის დროს გვერდით მედგნენ. რევოლუციის შემდეგ, ჩემი შვილები სხვათა მსგავსად არ ,,დაჯილდოებულან“ თანამდებობებით, არამედ წავიდნენ ჩვეულებრივ ჯარში ჯარისკაცებად, რათა მოეხადათ სამხედრო ვალი.
მათ სამხედრო ბილეთები არ მიუღიათ ,,რეზერვისტთა შეკრებებით“ როგორც მაშინ იყო მიღებული... იბრძოდნენ 2004-ში, 2008-ში... მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოს მთლიანობისა და სიძლიერისათვის, მიუხედავად ძალადობისა და რეპრესიებისა, თქვენ მე და ჩემს ოჯახს ვერ გაგვტეხავენ და ბრძოლაზე უარს ვერ გვათქმევინებთ.
P.S. მადლობას გიხდით, რომ ამ დრომდე ჩემს ოჯახში ნარკოტიკები, შეიარაღება ან ,,წყალქვეშა ნავი,“ არ ,,გიპოვიათ“. . . ცნობისათვის მინდა გითხრათ, საზღვარგარეთ წამოსასვლელად რაც მქონდა იარაღი მიზერულ ფასებში გავყიდე და ბანკიდან აღებული სესხი 4000 ლარი დავამატე...“- წერს გენერალი გოგი თათუხაშვილი.