-
2014-02-28 18:13
ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ 25 მაისს უკრაინაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ის უკანონოდ მიაჩნია.
ამის შესახებ უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმ შეთანხმებების მიხედვით, რაც უკრაინას რუსეთთან აქვს, რუსეთს შეუძლია იმოქმედოს და ვალდებულიცაა, გააკეთოს ეს. და, ვიცი რა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის ხასიათი, გაკვირვებული ვარ მისი თავშეკავებული დუმილის გამო“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.
მანამდე, ერთერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის არ შეხვედრია ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამასთან, იანუკოვიჩის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ მათი შეხვედრა აუციელბლად გაიმართება, თუმცა, იანუკოვიჩის თქმით, ის თარიღს ვერ დააკონკრეტებს.
იანუკოვიჩმა იმის შესახებაც იასუბრა, როგორ მოხვდა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე: „რუსეთში მე მოვხვდი პატრიოტულად განწყობილი უკრაინელების დამსახურებით, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, - თქვა იანუკოვიჩმა.
ვიქტორ იანუკოვიჩის თქმით, ის უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტია:
„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ მომკვდარა (და თქვენ ხედავთ, რომ მე ცოცხალი ვარ), თუკი არ ამოწურულა მისი ვადა, თუკი მისთვის არ გამოუცხადებია იმპიჩმენტი პარლამენტს, ეს ნიშნავს, რომ ის ისევ ლეგიტიმური პრეზიდენტია. იმას, რაც რადაში მოხდა, სადაც დეპუტატებმა ზეწოლის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, მე იმპიჩმენტს ვერ დავარქმევდი“.
იანუკოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ის შეხვდა „ბერკუტის“ წარმომადგენლებს:
„არანაირი ბრძანება სროლის უფლების შესახებ მე მილიციისთვის არ მიმიცია მანამ, სანამ მათ სიცოცხლეს აშკარა საფრთხე არ დაემუქრა. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ აშკარად სასიკვდილოდ იმეტებდნენ, თავდაცვის, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იარაღის გამოყენების უფლება ჰქონდათ“, - თქვა მან.