
უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ უკრაინის რადა არალეგიტიმურია, რადგან მისი წევრები ევრომაიდნის „ბოევიკების“ ზეგავლენით აძლევენ ხმას.
იანუკოვიჩის განცხადებით, მთელ მსოფლიოში კარგადაა ცნობილი, რომ პარუბი და ტიაგნიბოკი მოძალადეები არიან, დღეს კი ისინი ხელისუფლებისკენ მიილტვიან. მისივე თქმით, ის არსადაც არ გაქცეულა და უბრალოდ, კიევიდან ხარკოვში გადავიდა. იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ეს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით იყო გამოწვეული:
„მე მესროლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ის მანქანა, რომელიც ჩემსას ფარავდა, ერთიანად დაცხრილულია. მე მარტო არ მივდიოდი, მივდიოდი რამდენიმე ადამიანთან ერთად. ხარკოვში უნდა ჩატარებულიყო ყრილობა და მასში მე უნდა მიმეღო მინაწილეობა“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.
ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ის არ აპირებს მიმართოს რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით, რადგან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა დაუშვებლად მიაჩნია:
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მომხრე ვარ და ვიქნები, რათა ყირიმი დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში. მე მესმის იმ ყირიმელების, რომლებიც სახალხო თავდაცვით რაზმებს ქმნიან, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, რომ არ დაუშვან სისხლისღვრა და დაპირისპირება“.
ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინაში მისი დაბრუნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაბრუნდება უკრაინაში, როგორც კი მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნება დაცული.