-
2014-02-27 20:15
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ კი იმით, რომ შეთანხმებები, რომლებიც კიევში იანუკოვიჩის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა, არ სრულდება.
„უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება არ სრულდება: „ბოევიკებს“ არ დაუყრიათ იარაღი, არ გაუთავისუფლებიათ ადმინისტრაციული შენობები, ისმის მოწოდებები მთელ უკრაინაში წესრიგის დამყარებისა და ანგარიშსწორებისკენ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთი მზადაა, ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება 21 თებერვლის შეთანხმება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ნატოს გენერალური მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება არაა პრიორიტეტი, მაგრამ განიხილება, როგორც შესაძლებელი. რუსეთი მოუწოდებს, დაიცვან უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსი.