
„კვირის პალიტრის“ ვებგვერდზე ექსკლუზიურად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ნანიკო ხაჩიურს, რომელსაც მწვავე ფორმის ლეიკემია დაუდგინდა და ძვლის ტვინის გადანერგვისთვის ოჯახს 120.000 დოლარი სჭირდებოდა, სამკურნალო თანხა შეუგროვდა.
„კვირის პალიტრა“ წერს, რომ რამდენიმე დღეში ნანიკო ხაჩიური ოჯახთან ერთად თურქეთში გაემგზავრება, სადაც ოპერაცია დაიგეგმება. ნანიკო ხაჩიურის მამა მადლობას უხდის მოქალაქეებს და, განსაკუთრებით, მიხეილ ხუბუტიასა და მის მეგობრებს, რომლებიც ხაჩიურების ოჯახს, საერთო ჯამში, 100 000 დოლარით დაეხმარნენ:
„მთელი სიცოცხლე დაჩოქილი ვილოცებ თქვენზე, ხალხო“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ნანიკო ხაჩიურის მამა. – „ის ერთი ლარიც, რომელსაც ხალხი ჩემი შვილისთვის ერთი დარეკვით იღებდა, ჩემთის შეუფასებელი ქონებაა;
მეგონა, მოვკვდებოდი, მაგრამ სულიერად ამ ხალხის ხმამ და ზარებმა მიხსნა. მაგრამ თუ საავადმყოფოს ფულს სრულად არ შევკრებდი, მაინც ვერაფერს გავხდებოდი...
ამაში ბატონი ხუბუტია დამეხმარა... არ ვიცი, არ მეყოფა ძალა, არც ლოცვა, არც სიტყვები, არც მთელი სიცოცხლე მისთვის მადლობის გადასახდელად... ჯერ ხომ 50000 დოლარი გადმომირიცხა, - ეს დიდი ფულია, არ არის ადვილად გასამეტებელი და კაცი თუ არ ხარ, ამას სხვისი შვილისთვის ვერ გაიღებ.
მან თავად მითხრა, - ვისაც რა უნდა, ის თქვას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შვილი გადაგირჩინოო... მან იცის, შვილის სიყვარული რა არის. ის კი არა, თავის მეგობრებსაც თხოვა იგივე გაეკეთებინათ, - ნანიკოს სამკურნალო თანხა ხუბუტიას ორმა ბიზნესმენმა მეგობარმა შეავსო, - ერთმა აფხაზმა და მეორე სომეხმა, 25-25 ათასი დოლარი გამომიგზავნეს. ღმერთმა გაახაროს და ეს მადლი ასმაგად უკან დაუბრუნოს“.