
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს მონპელიეში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
"უკვე რამდენიმე თვეა, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ღია ცისქვეშ ცხოვრობენ და საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქედან უიმედობას, გაჭირვებას, უპერსპექტივობას გაექცნენ. ღია ცისქვეშ ცხოვრობენ და ლოდინის რეჟიმში არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები და ბავშვები.
საქართველოს ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ მათი მდგომარეობა გაითავისოს და დაეხმაროს მათ ღირსეულად დაბრუნებაში ან ხელი მაინც არ შეუშალოს მათ თავშესაფრის მიღებაში, სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით ავრცელებს ზღაპრებს, თითქოს საქართველოში არაა სიღატაკე, თითქოს ყველას შეუძლია მიიღოს ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო და რომ ზოგადად, ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა.
ნიშანდობლივია, რომ თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელმა, პრეზიდენტის ჩათვლით, ხელი დაიბანა და ფაქტობრივად, გაწირა ეს ადამიანები ქუჩაში ყოფნისთვის.
ჩვენი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"- ს სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ემიგრანტებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მიიღონ ქმედითი ზომები ამ ადამიანების უნუგეშო ყოფის შესამსუბუქებლად."