
ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე - მეფის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად შესაძლოა დაკითხვაზე შორენა ბეგაშვილიც დაიბარონ.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქმეში, 2012 წელს შორენა ბეგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც დევს, სადაც ის მეფეს ცემაში ადანაშაულებს.
ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა საგამოძიებო ორგანო შორენა ბეგაშვილისთვის ცნობილი სხვა ინფორმაციითაც დაინტერესდეს.
"შორენა ბეგაშვილთან მიმართებაში მე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში არის გავრცელებული ისევ თავად შორენა ბეგაშვილის მიერ. მისი დაკითხვა გამორიცხული არ არის. ლოგიკურია, რომ შეიძლება საგამოძიებო ორგანოებს აინტერესებდეს იმ ადამიანისთვის ცნობილი სხვა ინფორმაციაც, რომელიც იგივე ძალადობაში სდებდა თავის დროზე ბრალს დავით მუხრანელს,“ - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
დღესვე უფლებადამცველმა ჟურნალისტებს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებიც წარუდგინა. მათ შორის არის სატელეფონო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ძალადობის დღეს, 2014 წლის 9 მაისს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მეფესთან ერთად, საგურამოში იმყოფებოდა.
“ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. ძალადობის დღეს 2014 წლის 9 მაისს, ძალადობამდე რამდენიმე წუთით ადრე, მიღებული მტკიცებულების საფუძველზე დასტურდება, რომ ანას ტელეფონის ნომერი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობის მომენტში ანა იყო საგურამოში. ჩვენ იგივე მონაცემები გვაქვს დავითის ტელეფონის ნომერზეც, სადაც ასევე დასტურდება, რომ ძალადობის მომენტშიც დავითის ტელეფონის ნომერიც ასევე დაფიქსირებულია საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძის მიერ,"-აცხადებს უფლებადამცველი.
წყარო:რუსთავი2