
საქართველოს ეტალონი მოსწავლე წელს # 155-ე საჯარო სკოლის მე -8 კლასელი ლაზარე ბედუკაძე გახდა.
რუსთაველის თეატრში 2017-2018 წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“გამოვლინდა და ამ ღირსეული ტიტულისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან 78 უფროსკლასელი იბრძოდა. მეორე ადგილზე „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ - შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მილენა ადამიანი გავიდა.
მესამე ადგილზე კი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ხომერიკი გავიდა. ღონისძიებას, მონაწილეების გულშემატკივრების გარდა, ლიეტუას ელჩი, განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, რესურსცენტრების წარმომადგენლები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა „ეტალონ მოსწავლეებს“, მათ გულშემატკივრებსა და რუსთველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა ამ ღონისძიებას ვესწრებოდე. „ეტალონი“გვიწყობს ცოდნის ზეიმს.მე ვარ ძალიან ამაყი, ჩვენ გვყავს „ეტალონი მოსწავლეები“. ქედს ვიხრი თითოეული მოსწავლის წინაშე, ეს საქართველოს მომავალია. დიდ გულწრფელ მადლობას გიხდით. თქვენ ხართ გამარჯვებულები, წარმატებულები თქვენ ხართ ისეთ კონკურსზე, სადაც მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და თავის იმედით უნდა იყოთ. დიდი მადლობა ბატონ გოჩას.
ეს მისი ინიციატივა იყო და ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რომ „ეტალონი“გამხდარიყო საყოველთაო ინტელექტ-ჩემპიონატი. ბედნიერება ყველას სჭირდება, ბედნიერება კი განათლებაშია.“ პირველ 9 ადგილზე გასულები ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ. სხვა დანარჩენებს კი სიმბოლური საჩუქრები ერგოთ