
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარი თქვა იმ ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრებების კომენტირებაზე, რომლებიც საქართველოში გაჩენილ ხანძრებში რუსეთის კვალს ხედავენ.
ზახაროვას თქმით, რუსული მხარე ოპერატიულად გამოეხმაურა თბილისის თხოვნას დახმარების შესახებ და ამისთვის Ил-76 თვითმფრინავიც გამოყო, მაგრამ ეს დახმარება ქართული მხარის უარის გამო აღარ გახდა საჭირო.
"იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მაშველების დატვირთვა დიდია მთელს რეგიონში, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ჩასაქრობად და ამ მიზნით რუსეთის საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავი Ил-76-იც გამოვყავით, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ, გადაგვიხადა რა მადლობა, შეგვატყობინა, რომ ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარება საჭირო აღარ არის.
ჩვენ ვუსურვებთ მეზობლებს, რაც შეიძლება მალე ჩააქრონ ხანძარი, ხოლო იმ არაჯანსაღ ფანტაზიებს, რომელთა ავტორები თავიანთ ქვეყანაში სტიქიურ უბედურებასაც კი ანტირუსული ინსინუაციებისთვის იყენებენ, მათ კომენტირებას ზედმეტად მივიჩნევთ.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში უკვე მე-6 დღეა, ტყეები იწვის. ხანძარი თავდაპირველად წაღვერის ტყეში, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა, შემდეგ კი, საბოლოო ჯამში, ხეობის ტყეების 100 ჰექტარზე მეტს მოედო.
სამაშველო ცეცხლსაქრობ საქმიანობაში ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნების 6 ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავია ჩართული.
დღეს დილით ბორჯომის ხეობაში 3.000 ქვეითი, მათ შორის, აღმოსავლეთ სარდლობის 1000-დე ჯარისკაცი და სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები შეიყვანეს.
დათო შალიკაშვილის ფოტო