-
2017-05-26 14:41
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საუბარია სესიის დღის წესრიგსა და იმ თემებზე, რაზეც ასამბლეა ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. მათ შორის არის რუსეთი, ტერორიზმი და უსაფრთხოების გამოწვევები.
„ევროატლანტიკური ალიანსისთვის ამ რთულ პერიოდში, სამხრეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზე არსებული დაძაბულობის ფონზე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ერთობისა და სოლიდარობის პრინციპების, რომელმაც შექმნა გლობალური სტაბილურობის გარანტიები უკვე 65 წელზე მეტია“,- აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი და იძლევა პირობას, რომ ასამბლეა ამ პრინციპების მხარდაჭერის და გაძლიერების ერთგული დარჩება.
ასევე ბათქვამია, რომ თბილისში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები ჩავლენ, რომლებიც ალიანსსა და ამომრჩეველს შორის ერთგვარი ხიდის როლს ასრულებენ. ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია პირველად ტარდება და ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას პირებს.
ეს დოკუმენტი მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, „გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში“ და „განავითარონ პოლიტიკური განზომილებები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, იმისთვისრომ მომავალში შეიქმნას პირობა საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების“
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა სესიის პერიოდში აპირებს ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის მონახულებას, რომელიც „უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ“ - ნათქვამია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
4-დღიანი სესიის დღის წესრიგი, ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მოიცავს დებატებს - უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთზე, ტერორიზთან ბრძოლაზე, ალიანსის როლზე ავღანეთში, კლიმატურ ცვლილებებზე და ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის თავდაცვის ბიუჯეტით უზრუნველყოფის საჭიროებაზე.