-
2017-04-25 20:31
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია.
კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს.
„ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ჩემი კომენტარი შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში ამ საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ მენეჯმენტში. ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები და შესაძლოა არ მივიდეს საქმე არბიტრაჟში", - განაცხადა კალაძემ.
ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან. სარჩელის თანხა 180 მილიონი დოლარია. საქმე ეხება საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ მართვის უფლება ჩამოერთვა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი სემეკის მიერ დანიშნულ დროებით მმართველს გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ კომპანიას ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 80 მილიონ ლარის დავალიანება დაუგროვდა და კომპანიის გადახდისუნარიანობა საფრთხის ქვეშ დადგა. 8 წლის განმავლობაში ყაზახური მხარე კომპანიის მართვაში დაბრუნებას ითხოვდა. არაერთი შეხვედრა შედგა ენერგეტიკის მინისტრთან, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.