
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტრომ 32 მილიონი ლარი დაზოგა.
ლევან იზორიას თქმით, ოპტიმიზაცია გამართლებული იყო , რადგან უმცროს ოფიცერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
„მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის იდენტიფიცირებაც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მოვახდინეთ, გახლავთ ბიუროკრატიული აპარატის არსებობა და ე.წ. პირამიდის სისტემის არარსებობა. კერძოდ, უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიცერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა,
ამიტომ მთავარი პრინციპია ყველა სამხედრო სტრუქტურაში უზრუნველყოფილი იყოს პირამიდა - ანუ სათავეში რაც შეიძლება ნაკლები უფროსი ოფიცერთა საშტატო კატეგორია და რაც შეიძლება მეტი უმცროს ოფიცერთა კატეგორია დაბალ რგოლზე, რათა მათ ჰქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ჩვენმა ოპტიმიზაციამ ასევე მეორე პრინციპულ ამოცანად დაისახა ამ საშტატო რაოდენობის შემცირება, რომელიც რიგ შემთხვევაში ხელოვნურადაც იყო შექმნილი. ამან გამოწვია მთელი რიგი დეპარტამენტების, სამმართველოების სტანდარტიზაცია“, - განაცხადა იზორიამ.